ოფიციალური ტალინის მხრიდან წარსულშიც და ახლაც მიღებულ გადაწყვეტილებებს, თბილისში არამეგობრულად აფასებენ. სწორედ ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მსგავსი დამოკიდებულებების მიღმა კონკრეტული ინტერესი დგას.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის სადემონსტრაციოდ, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ იზიარებს იმ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია. ნათქვამია ისიც, რომ ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და ის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ საკუთარ კანონმდებლობაში უნდა ასახოს. ესტონეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციითვე, ევროკავშირში ასევე განიხილება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტებს ფლობენ.
შეზღუდვების დაწესებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკი, სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სანქციების საკითხზე ამ დრომდე ვერ მოხდა ერთიანობის მიღწევა კავშირის წევრს ქვეყნებს შორის.
ესტონეთის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან ოპოზიციაში და ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაა. ხელისუფლების ოპონენტები თქმით, სანქციები და შეზღუდვები ინდივიდუალურად უნდა დაწესდეს და საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ.
შანტაჟის მორიგი მცდელობაა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობისთვის. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ამ გზით ზეგავლენის მოხდენას ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებიც ცდილობენ.
ესტონეთის შემდეგ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული პირებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს ლატვიაც. ინფორმაციას ლატვიის ელჩი ავრცელებს. დიპლომატებისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სანქციის ამ ფორმის ამოქმედებაზე საუბრობს საქართველოში გერმანელი დიპლომატიც.