"სიქსტეს კაპელის" კარი დაიხურა. ბაზილიკის შიდა სივრცეში 133 კარდინალი გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციაშია. ვატიკანში გათიშულია მობილური კავშირი, პერიმეტრზე რადიო სიხშირის დამხშობი მანქანებია მობილიზებული. კათოლიკე ეკლესიის 267-ე მეთაურის არჩევის შესახებ მსოფლიოს კაპელის საკვამურიდან ამოფრქვეული კვამლი ამცნობს.
გაუთქმელობის ფიცის დადების შემდეგ, ახალი პონტიფიკოსის არჩევამდე სიქსტის კაპელაში ვერავინ შევა. კარდინალებთან ერთად ფიცი ტექნიკურმა და სამედიცინო პერსონალმაც დადო. პირობის თანახმად, ისინი ღამეებს ვატიკანის კედლებში გაატარებენ, ფიცის გატეხის შემთხვევაში კი მათ კათოლიკური ეკლესიიდან სამუდამოდ განკვეთენ.
სუტანა და მიტრა უკვე "ცრემლების ოთახშია". ეს უნიკალური კადრები წმინდა საყდრის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. "ცრემლების ოთახი" კონკლავის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ადგილია. კარდინალი, რომელიც პაპი გახდება, კონკლავის შემდეგ ზუსტად "სიქსტეს კაპელის" საკურთხევლის მარცხენა მხარეს მდებარე ამ პატარა ოთახში შევა. ითვლება, რომ ახალარჩეული პაპი თავის ემოციას სრულად და დაუფარავად ამ ოთახში გამოხატავს, სწორედ ამიტომ ჰქვია მას "ცრემლის ოთახი". ოთახში პაპს მისთვის შეკერილი სამი სხვადასხვა ზომის სამოსი ხვდება: დიდი, საშუალო და პატარა. ასევე, რამდენიმე ზომის წითელი ფეხსაცმელი და წითელი მანტია. შემოსვის შემდეგ, პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაემართება, რომლის აივანზეც ძოწისფერი ფარდა უკვე გადმოკიდეს. კათოლიკე სამყაროს ახალი 267-ე მეთაური მსოფლიოს ამ ადგილიდან დალოცავს.
კონკლავზე პირველი კენჭისყრა დღეს უკვე შედგა - 135 ბიულეტენი ქიმიურ ნივთიერებებთან ერთად დაწვეს და საკვამურიდან შავი კვამლი ამოიფრქვა. მომდევნო დღეებში, იერარქები ყოველდღიურად კენჭისყრას 4-ჯერ ჩაატარებენ.
კარდინალების კოლეგიის დეკანმა ჯოვანი ბატისტამ კონკლავის წინ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მესა აღავლინა და კათოლიკური ეკლესიის წევრებს მიმართა. თავად 91 წლის იერარქი ვატიკანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ის კონკლავში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან კენჭისყრაში მონაწილე ყველა წევრი 80 წელზე ნაკლები ასაკის უნდა იყოს.
267-ე პაპის ასარჩევად მოწვეული 135 კარდინალი, ხუთი კონტინენტის 71 ქვეყნიდანაა.