"კოშმარია ის ძალა, არ მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, საიდანაც იმართებიან ე.წ ლობისტები და ვითომ დემოკრატიის ენით მოსაუბრე, პირდაპირ დიქტატურის დამყარებული ხელისუფალნი თუ დიპლომატები", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ "მეგობარი აქტის" შეფასებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ აქტის სათაურიც კი შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.
"კოშმარია ის ძალა, არ მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, საიდანაც იმართებიან ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის ენით მოსაუბრე, პირდაპირ დიქტატურის დამყარებული ხელისუფალნი თუ დიპლომატები. როდესაც კოშმარზე საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება თვითონ "მეგობარ აქტს", ამ აქტის სათაურიც კი შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ამ აქტის ისტორიას, თუ საიდან შეიქმნა, რომელი კომისიები გაიარა, ვინ იყო საქართველოდან წარმომადგენელი და ე.წ ცრუ დამსმენი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ის სახელი და გვარები, ის ლობისტური ჯგუფები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ლობირებენ, ვნახეთ რომ ეს ყველაფერი რაღაც ეტაპამდე მივიდა. ვნახოთ თუ რა განვითარება მოჰყვება. წინ სენატია, შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი და შევხედოთ, როგორ და რა ძალისხმევით მიჰყვება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია გაცხადებულ პოლიტიკას", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.