ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, ენერგოდამოუკიდებლობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კერძო ინვესტორების დაინტერესება - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 98 მილიონი ევროს რაოდენობის სესხი გამოყო. მემორანდუმს ხელი მილანში, 58-ე წლიურ შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრმა მოაწერა. ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე განხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ენერგიის შემნახველი სისტემების მოწყობას, რომელიც გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს და სისტემის მდგრადობას. პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია პრაქტიკული ტრენინგების ჩატარება.
პროექტი 2028 წელს დასრულდება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ენერგეტიკის განვითარება, განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს ეფექტურად ათვისება და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება მთავრობის პრიორიტეტია.
აზიის განვითარების ბანკის 58-ე წლიურ შეხვედრას მილანმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი აზიის განავითარებს ბანკის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. საუბრის დროს ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.