21 ივნისი 2026,   08:44
ვრცლად
შეფასებების თემაა გერმანიის დაზვერვის გადაწყვეტილება, "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს - შოლცის თქმით კი, შესაძლოა ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო

დონალდ ტრამპის მსგავსი წინასაარჩევნო სლოგანით, "ალტერნატივა გერმანიისთვის" არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. ზუსტად 2 თვის შემდეგ კი, მთავრობის გადაბარებამდე 4 დღით ადრე, დაზვერვის სააგენტომ ულტრა მემარჯვენე პარტია ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. გერმანიის ფედერალური ოფისის გადაწყვეტილებამდე მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ მომზადდა ბუნდესტაგის პოლიტიკური ჯგუფების, მათ შორის, ჯერ კიდევ მოქმედის, შოლცის და მომავალი კანცლერის, მერცის პარტიების ინიციატივაც. ოლაფ შოლცი დღეს უკვე აცხადებს, რომ საკითხი ნაჩქარევად, დებატების გარეშე არ უნდა გადაწყდეს.

დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად გამოცხადებული პარტიის ლიდერი, რომელიც გერმანიის კანცლერობის კანდიდატიც იყო, პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს. ალის ვაიდალი აცხადებს, რომ თავად ეს გადაწყვეტილებაა სერიოზული დარტყმა გერმანული დემოკრატიისთვის. იგივე აზრზეა ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბერლინის ნაბიჯს "შენიღბული ტირანია" უწოდა. მარკო რუბიოს მიაჩნია, რომ გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს. დაზვერვის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც. მისი თქმით, პარტიის განადგურებას ბიუროკრატები ცდილობენ.

გლობალური ძალების ინტერესებს უკავშირებენ გერმანიის დაზვერვის გადაწყვეტილებას "ქართულ ოცნებაშიც". მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის, "დიფ სთეითის" დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, რადგან მხოლოდ გერმანიის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავს, ბიუროკრატები კი მათი კონტროლის მიღმა დარჩენილი პარტიის განადგურებას ცდილობენ. საპარლამენტო უმრავლესობა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიციას იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებები მხოლოდ განცხადებებად რჩება. საქართველოს შემთხვევაში კი უსამართლო მიდგომა ჯერ კიდევ არ იცვლება.

უნდა აკრძალოს თუ არა გერმანიამ პარტია, რომელსაც მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს?

"ნაციონალური მოძრაობა", გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტიის გაუქმებაში პრობლემას ვერ ხედავს. დაზვერვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს არც "ლელოს", განსხვავებით "გირჩისგან", რომელიც "ალტერნატივას გერმანიისთვის" სოლიდარობას უცხადებს და გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ობიექტური მტკიცებულებები კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოში გაცილებით მეტია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გერმანიაში ყველაზე მზარდ პოლიტიკურ ძალას სწორედ რეიტინგის გამო ებრძვიან. ბერლინის გადაწყვეტილებას უმრავლესობა ბიუროკრატების მორიგ უსაფუძვლო სანქციას უწოდებს.

პარტიის აკრძალვამდე, დაზვერვის სააგენტომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ ორგანიზაციაზე ზედამხედველობის, მათ შორის ფარული მიყურადების უფლება მოიპოვა. "ალტერნატივა გერმანიისთვის" კი ცილისწამებასა და დისკრედიტაციის მცდელობაზე მიუთითებს და საქმიანობის გასაგრძელებლად, იურიდიულ ბრძოლას აანონსებს.

დღის ამბები