პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.
გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების საგანია, მათ შორის, თბილისში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, აღნიშნულ პროცესებში "ევრობიუროკრატიამ იძალა".
"ალტერნატივა გერმანიისათვის" მეორე ადგილზე გავიდა, როდესაც ბუნდესტაგის არჩევნები შედგა გერმანიაში, მაგრამ, ამ ბოლო პერიოდში, როგორც სტატისტიკა უჩვენებს, გადაასწრო პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ გუნდს და საკმაოდ სერიოზული წარმატების შანსი აქვს ადგილობრივ არჩევნებში. რასაკვირველია, ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ გუნდს, რომელშიც შედის შოლცი.
შორიდან ძნელია განსასჯელად ვინ მართალია, ვინ რამდენად ექსტრემისტულია, მაგრამ ფაქტია, რომ ევრო-ბიუროკრატიამ იძალა, აქედან გამომდინარე, ვერ შევაფასებთ პოლიტიკური პარტიის მიმართ წაყენებული ბრალდებების საფუძვლიანობას. ვხედავთ, რომ ეს უკვე ტენდენციაა - რუმინეთში პოლიტიკური პარტიის მიმართ, მოლდოვის მაგალით ავიღოთ, იქაც მოხდა დაკავება პოლიტიკური ლიდერის, ახალგაზრდა ქალის, რომელიც არ არის მისაღები ევროკავშირის სტანდარტებისთვის. ზოგადად, პოლიტიკური ლანდშაფტის შინაარსი იცვლება, რომელიც სუფევს ევროკავშირში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.