სიძულვილის ენის შემცველი ტერმინი საქართველოს ხელისუფლების მისამართით რასა იუკნევიჩიანემ "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე გამოსვლის დროს გამოიყენა. ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან, რომელიც "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ქართველი ხალხიც გააკრიტიკა. თქვა, რომ სანქციები და ქვეყნის დასჯა საქართველოში მისთვის მისაღები სცენარის აუცილებელი წინაპირობა იქნება.
EPP-ის კონფერენციაზე, რომელსაც დელეგატის სტატუსით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეც ესწრებოდა, იუკნევიჩიანეს გამოსვლას ფაშისტური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. "ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების ლექსიკა და მიდგომები სრულიად დაშორებულია რეალურ ევროპულ ფასეულობებს.
იუკნევიჩიანეს რიტორიკა მოსწონთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის "ქართული ოცნებისა" და მისი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინები პოლიტიკური ზეწოლის შემადგენელი ნაწილია.
ქართული ოპოზიცია და რასა იუკნევიჩიანე საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოქმედ პოლიტიკურ აქტორებად მიაჩნიათ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის დონის მატება, სწორედ მსგავსი ევროდეპუტატების წახალისებით არის გაზრდილი. კანონმდებლებმა დღეს, ლიეტუველ პოლიტიკოსს წარსულში გაკეთებული მოწოდებებიც შეახსენეს.
"ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობამ საქართველოს შესახებ ტრადიციულად კრიტიკული რეზოლუციაც მიიღო. EPP, რომლის წევრიც "ნაციონალური მოძრაობაა", ოპოზიციური ფრონტის გასაძლიერებლად პერსონალური სანქციების სიის გაფართოებას, სვიფტიდან "ქართუ ბანკის" ჩახსნას და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს.