22 აგვისტო 2026,   16:34
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე, გამოაქვეყნეს დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ USAID და NED ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაში. ამაში ხარჯავდნენ ფულს საქართველოშიც - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში მაიდნის სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, შეფასება მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს.

"ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს დაწყებული საუბარი ამაზე. თავიდან შეიძლება ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, თუმცა ეს ყველამ დაინახა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე და გამოაქვეყნეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები - USAID, NED პირდაპირ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების დამხობაში, სახელმწიფო გადატრიალებაში. ამაში ხარჯავდნენ ფულს საქართველოშიც, რა თქმა უნდა,  ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, ორგანიზებული იყო და არავინ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდებოდა.

რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის. თუნდაც 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ. ხომ ყველამ ვიცით, ის პარალელური დათვლები ვისი დაფინანსებული იყო. საზოგადოება რომ მოატყუეს, თითქოს აცდენილი იყო, არადა რეალურად ერთი-ერთში იყო ცესკო-ს მიერ მიღებული მონაცემები და მათი პარალელური დათვლების შედეგი. ასეთი რაღაცები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება და სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო", - განაცხადა კახა კალაძემ.  

დღის ამბები