ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი, ყოფილმა ხელისუფლებამ გამოგონილი ბრალდებით ჯაშუშად ოფიციალურად გამოაცხადა. ირაკლი გედენიძე ერთ-ერთია, ვინც პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო, 2011 წლის ივლისში განსასჯელის სკამზე დასვეს. საგამოძიებო კომისიასთან იხსენებს, რომ ყველაფერი 26 მაისის აქციით დაიწყო. როდესაც, ფოტორეპორტიორის ობიექტივში მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას დასახიჩრებული ადამიანების ამსახველი მასალა მოექცა.
ფოტოები, რომელიც ირაკლი გედენიძესთვის განაჩენი აღმოჩნდა, ჟურნალისტმა "როიტერს" მიაწოდა, სადაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნებართვით და შეთავსებით მუშაობდა. საერთაშორისო მედიაში შემზარავი კადრების გავრცელებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, 7 ივლისს, ის მეუღლესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. აღიარებით ჩვენებას ჯერ წინასწარ გათხრილ საფლავთან სთხოვდნენ, შემდეგ ე.წ. მოდულის შენობაში. უსწორდებოდნენ ფიზიკურად და მუშაობდნენ გამოგონილი ბრალის რამდენიმე ვერსიაზე, მათ შორის. რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და ქართული ჯარის ღალატზე.
ფოტორეპორტიორმა გაიხსენა სხვა ვერსიებიც. საუბარი იყო რუსული სპეცსამსახურებისთვის სახანძრო გეგმის, დამლაგებლების სიის და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მდებარე საიდუმლო გვირაბის შესახებ ინფორმაციის გადაცემაზე.
რა როლი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს მისი პირადი ფოტოგრაფის დაკავების საქმეში? - საგამოძიებო კომისიის წევრებმა ეს შეკითხვა სხდომაზე დაზარალებულს დაუსვეს.
ირაკლი გედენიძესთან ერთად 7 ივლისს დააკავეს მისი მეუღლეც. ნათია გედენიძემ, რომელიც მაშინ "პრაიმ-ტაიმის" ფოტორედაქტორი იყო, საგამოძიებო კომისიასთან დეტალურად გაიხსენა, როგორ აიძულეს აღიარებითი ჩვენების მიცემა, როგორ აშანტაჟებდნენ შვილებით და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებით. თქვა, რომ ერთ-ერთი, ვინც მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა, კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი იყო.
საგამოძიებო კომისია დაინტერესდა, ვინ იცავდა დაკავებული ფოტორედაქტორის უფლებებს და რა კავშირი ჰქონდა საიას ყოფილი ხელისუფლების გამოგონილ ბრალდებებთან.
დაკავებაზე, იძულებით აღიარებასა და წამებაზე, კომისიას ვრცელი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც. ფოტორეპორტიორმა დეტალურად გაიხსენა, 26 მაისის აქციის დარბევა და პირობები, რომელშიც გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ იმყოფებოდა. ემუქრებოდნენ შვილების ლიკვიდაციით. თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე გადაღებული უმძიმესი კადრების გამო, ის პირადად მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით აიყვანეს.
ფოტოგრაფების საქმეზე სულ 5 რეპორტიორი დააკავეს. მათგან ერთი "ასოშიეითიდ პრესის" ჟურნალისტი შაჰ აივაზოვი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. "ეპას" ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე კი პატიმრობაში დატოვეს. არცერთი მათგანი თავს არ ცნობდა ჯაშუშობაში დამნაშავედ, თუმცა, მოგვიანებით დანაშაული იძულებით აღიარეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან მალევე გათავისუფლდნენ. 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა. 2023 წელს კი საქალაქო სასამართლომ მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.