ევროკავშირის საელჩო ევროპის დღესთან დაკავშირებით 9 მაისს საზოგადოებას "ექსპო ჯორჯიაში" იწვევს. დიპლომატიური მისია "ფეისბუქზე" ინფორმაციას ვიდეოს ურთავს, რომელშიც სპიკერად გიორგი ჩუგოშვილია გადაღებული. ის აანონსებს თემას, რომელზეც 9 მაისს ისაუბრებს.
ჩუგოშვილი პლატფორმა "ფრი ბიზნესის" დამფუძნებელია და მის ძირითად გამოსვლებში მუდმივად ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს და სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მოცემულობა მძიმდება და ვითარება უფრო და უფრო დაიძაბება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან ქვეყნის ეკონომიკის საბოტაჟში, რაც მათივე თქმით მიუღებელია.
"ჰიბრიდული ტაქტიკებით თავდასხმის სამიზნე არის ჩვენი ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა. ეს არის დღეს სამიზნე. ომში ვერ ჩაგვითრიეს, ესკალაცია ვერ შეძლეს, ახლა ცდილობენ მოსახლეობა დააზიანონ., ფიზიკურად ვერ დააზიანეს და ახლა ცდილობენ, რომ ეკონომიკურად დააზიანონ. ზუსტად ამ ადამიანმა, გიორგი ისაკაძესთან ერთად, სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ბიზნესზე თავდასხმის კამპანია. გახსოვთ, რომ იყო ბიზნესზე წნეხი, რათა წასულიყვნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ის, რომ ევროპის დღეს სპიკერად მიჰყავთ ბიზნესზე ზეწოლის და ბულინგის ავტორი, ეს ევროპული ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა და ქართველი ხალხისთვის ნაცრის თვალში შეყრაა. თითქოს, ტერორი არის ევროპა, ბიზნესზე ზეწოლა და წნეხი არის ევროპა. ეს ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.