რევოლუციური პროცესის წახალისებაში მმართველი პარტია, დიპლომატიურ უწყებას ადანაშაულებს და საფრანგეთის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს. საუბარია ახალ გრანტზე, რომელიც პარიზმა "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას" 16 აპრილს გადასცა, თუმცა დეტალებზე ამ დრომდე არ უსაუბრია. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ გრანტების კანონის საბოლოო დამტკიცებამდე 1 საათით ადრე, ენჯეო სექტორისთვის გამოყოფილი ფინანსები, საზოგადოების დაპირისპირებას და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას მოხმარდება.
მთავრობის თანხმობის გარეშე გაცემული ბოლო გრანტის შესახებ, "კურიერმა" კითხვები საფრანგეთის საელჩოს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. როდის და რა პირობებით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რა თანხა გამოიყო და ვინ შეარჩია კონკრეტული ენჯეო 2025 წლის პროექტისთვის - "კურიერის" წერილობით შეტყობინებაზე, დიპლომატიური სამსახური უკვე 5 დღეა დუმს.
მიღებული გრანტის შესახებ საუბარს დღეს თავი აარიდეს კონკურში გამარჯვებული ორგანიზაციის წევრებმაც. "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას," "კანვას საქართველოს" დამფუძნებლებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები- გიორგი კანდელაკი და ირაკლი ხვადაგიანი წარმოადგენენ. ორგანიზაციის ამ და სხვა წარმომადგენლების მიმართ ოპოზიციას შეკითხვები არ აქვს.
საფრანგეთის საელჩოს დუმილი, "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ პარიზი ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს მიზანმიმართულად აფინანსებს და დესტრუქციისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს იყენებს.
ფრანგული გრანტის შესახებ ინფორმაცია, საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დიპლომატიურმა სამსახურმა დაწერა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაა," რომელმაც გორსა და ქუთაისში ახალი ტურისტული მარშრუტები უნდა შექმნას.