28 აგვისტო 2026,   01:24
ვრცლად
რა მიზანს ემსახურებოდა სოფელ ჩორჩანასთან ახალი პოსტის გახსნა - გიორგი გახარიას 2019 წლის აგვისტოში გაცემულ ბრძანებას, მმართველი გუნდი კონფლიქტის მიზანმიმართულ პროვოცირებად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი გახარიას 2019 წლის აგვისტოში გაცემულ ბრძანებაზე საუბრობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა კარგად იცოდა, რა შედეგები მოჰყვებოდა სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნას, თუმცა საქმის კურსში არავინ ჩააყენა და თვითნებურად იმოქმედა, რადგან ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებდა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გახარიას მიზანი ახალი სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება იყო, რაც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისმა განცხადებებმაც დაადასტურა.

რა მიზანს ემსახურებოდა სოფელ ჩორჩანასთან ახალი პოსტის გახსნა? - დღესაც გაუგებარია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებისთვის, რომლებიც იხსენებენ, რომ საოკუპაციო ძალამ ჩორჩანა წნელისის ტერიტორიაზე სწორედ 2019 წლის გადაწყვეტილების საპასუხოდ განათავსა ერთდროულად რამდენიმე საგუშაგო. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მას შემდეგ ვერ სარგებლობენ ტყითა და საძოვრებით, რომლის ასობით ჰექტარიც საოკუპაციო რეჟიმის მხარეს აღმოჩნდა, ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, რადგან იქ დღემდე შეიარაღებული პირები პატრულირებენ.

გახარიას გუნდში დღესაც იმეორებენ, რომ მათი ლიდერი სახელმწიფოებრივად მოქმედებდა. საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნას მის პარტიაში სუვერენიტეტის დაცვის მოტივით ხსნიან, თუმცა შესაძლო რისკებთან დაკავშირებით ასე დარწმუნებით ვერ საუბრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში.

შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას გადაწყვეტილებას მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეწინააღმდეგებოდა. საგამოძიებო კომისიის წინაშე ეს გიორგი გახარიამ თავადვე დაადასტურა. ვისთან შეთანხმებით მიიღო საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება და გადააზღვია თუ არა რისკები, რომელიც ქვეყნის სამხედრო ესკალაციაში შესვლას უკავშირდებოდა? - ყოფილ ძალოვან მინისტრს გუშინდელ სხდომაზე არაერთგვაროვანი პასუხები ჰქონდა.

მორიგი თავის მართლების უშედეგო მცდელობა - ასე აფასებს გახარიას მიერ გაკეთებულ განმარტებებს უმრავლესობა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მისი გადაწყვეტილება, რომელსაც სეპარატისტული რეჟიმის მუქარა და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ესკალაციის საფრთხე მოჰყვა, შეიარაღებული კონფლიქტის მიზანმიმართულ პროვოცირებას ემსახურებოდა.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გახარიას გამოკითხვა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რაც სავარაუდოდ, კომისიის დასკვნაშიც აისახება.

დღის ამბები