log in georia-მ საქართველოს 10 ათასობით მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა უკვე მისცა. მაღალმთიანი სოფლებისა და ქალაქების ინტერნეტიზაცია ფინალურ ეტაპზეა. პროგრამის ფარგლებში, დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების ჯამური მოცულობა 3 000 კილომეტრ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას შეადგენს. პროექტმა სტარტი 2020 წელს აიღო.
სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვანი სტიმულია კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის. log in georgia უზრუნველყოფს იაფი და მაღალხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ოპერატორებს საშუალებას აძლევს, დაბალი დანახარჯით მოსახლეობას, მაღალი ხარისხის პროდუქტი მიაწოდონ.
მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლებას და ციფრული ჩართულობის ხელშეწყობას 2022 წლიდან, კომუნიკაციების კომისია ახორციელებს. საზოგადოებისთვის ინტერნეტის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება Log-in Georgia-ს პროექტის შემადგენელი ნაწილია.
ციფრული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარება 2020−25 წლების ეროვნულ სტრატეგიას წარმოადგენს.
სამშენებლო-საპროექტო სამუშაოები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე აშენებული და ექსპლუატაციაში გაშვებულია 1600 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი.
ავტორი: სიმონ შანავა.