ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ისევ აქტუალურია კითხვა ვის პარტიას ვიხილავთ ბიულეტენზე? ოპოზიციაში აზრები ისევ გაყოფილია, ნაწილი ღიად ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაწილი კი გადაწყვეტილების გამჟღავნებას არ ჩქარობს - ეს კი ურთიერთბრალდების მიზეზი ხდება.
"ოპოზიცია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს" - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.
"ბუნებრივია, ჯერ თამამად გადაწყვეტილებას ვერცერთი ვერ ამბობს, ის, ვინც ახლა ვითომ კეკლუცობს და ამბობს ვითომ მონაწილეობას არ მივიღებთო, არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ზუსტად იგივე მიდგომა ჰქონდათ პარლამენტში არ შემოვალთო - შემოგრიალდნენ 2020-ში, მერე ძლივს გავაგდეთ პარლამენტიდან. ასე რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. რეალობა არის ის, რომ როდესაც მათი პატრონებისგან მიიღებენ დაკვეთას უნდა მიიღოთ მონაწილეობაო, ყველა დაეწყობა და მიიღებენ მონაწილეობას, თუ არ იქნა ასეთი ბრძანება გაცემული მათი პატრონებისგან, მაშინ თავს შეიკავებენ,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.