31 აგვისტო 2026,   10:44
ვრცლად
ეს რეზოლუცია არის ბუნებრივი გაგრძელება ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ძალიან მყარი პოზიციის. საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს ძალიან მკაფიო აზრი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით - ირაკლი ფავლენიშვილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა.

დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც PACE-მ საქართველოს, ბოლო დრო დაკავებული პირების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში.

მმართველი გუნდი სვამს კითხვას, რატომ მოდის წინააღმდეგობაში PACE-ს რეზოლუცია ეუთო/ოდირის დასკვნასთან.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს ძალიან მკაფიო აზრი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომ "ასეთი არალეგიტიმური ხელისუფლება საქართველოში არასდროს ყოფილა":

"ეს რეზოლუცია არის ბუნებრივი გაგრძელება ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ძალიან მყარი პოზიციის. საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს ძალიან მკაფიო აზრი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი არალეგიტიმური ხელისუფლება არასდროს ყოფილა საქართველოში. ეს განპირობებულია საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან მკაფიო ერთიანი პოზიციით. რაც შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნას, ეუთოს და ოდირის დასკვნაშიც იყო ძალიან მწვავე ნაწილები. ზოგადად ეუთო და ოდირი ტექნიკურად აფასებს არჩევნებს, ამიტომ მათი მხრიდან უფრო ნაკლებს უნდა ველოდოთ, ვიდრე სხვა ინსტიტუტების მხრიდან," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას თითქოს, PACE-ს რეზოლუცია ეუთო/ოდირის დასკვნასთან წინააღმდეგობაში მოდის.

"ეუთოს პირველად დასკვნაში იყო მოტანილი არაერთი რეკომენდაცია, თუ რა უნდა განხორციელებულიყო იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას რეალურად თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო. ამის შემდეგ PACE-ს რეზოლუცია ნუღარ გვიკვირს. ვერ დავეთანხმები იმ არგუმენტს, რომ PACE-ს რეზოლუცია არის წინააღმდეგობაში ეუთო/ოდირის არჩევნების შეფასებასთან", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 

დღის ამბები