სერჟანტი როინ შავაძე საკვებს მას შემდეგ ვერ იღებდა, რაც 2008 წლის 14 აგვისტოს, ომიდან სახლში დაბრუნდა. ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო - ის 15 აგვისტოს ჯერ ბათუმის კუდის შენობაში მიიყვანეს. მეორე დღეს კი მეხუთე ბრიგადაში მიაკითხეს, სადაც როინ შავაძე მსახურობდა. იმავე დღეს, სერჟანტს ბათუმის ე.წ. ოქროს ბირჟის მიმდებარედ, სპეცრაზმის თანამშრომლები თავს დაესხნენ და კაფეში, ავტომატის კონდახებით გონების დაკარგვამდე სცემეს. ნაწამები სერჟანტი ქობულეთის მიმართულებით გაიტაცეს, ავტომობილიდან გადმოიყვანეს და გზის პირზე კალაშნიკოვის ავტომატებით ჩაცხრილეს.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებებიც, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. როინ შავაძის მეუღლემ დეპუტატებს დღეს იმ შანტაჟისა და მუქარის შესახებაც მოუყვა, რომელიც სერჟანტის დაკრძალვის შემდეგ ოჯახზე ხორციელდებოდა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეც განიხილეს. რექტორმა, დავით გურგენიძემ და კანცლერმა, კარლო კოპალიანმა დეტალურად გაიხსენეს, თუ როგორ მოხვდა ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება გიული ალასანიას ხელში და როგორ აუწყო ბიზნესი საკუთარ დედას მიხეილ სააკაშვილმა.
სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების წართმევის წინააღმდეგ აქტიურობის გამო დააკავეს 2008 წელს ნოდარ მუსერიძე, რომელიც მაშინ უნივერსიტეტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი იყო. მან საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ციხეში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მომდევნო, მე-14 სხდომა ხვალ გაიმართება.