23 აგვისტო 2026,   06:14
ვრცლად
გაურკვევლობა და ურთიერთ კრიტიკა ოპოზიციურ ფლანგზე - სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მითითებებს უცხოელი დამფინანსებლებისგან ელოდება

ოპოზიციურ პარტიებს, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე კონკრეტულ პასუხს ამ დრომდე არ ამბობს, ნიკა გვარამია, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე თვლის, რომ ბუნდოვანი პოზიციების ნაცვლად, ბარიერგადალახულმა სუბიექტებმა, მუნიციპალურ არჩევნებზე უარი საბოლოოდ უნდა თქვან.

გვარამიას პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობა". ექსპრეზიდენტის პარტია, პირველი იყო ვინც მკაფიოდ თქვა, რომ 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონს ეთიშება. სააკაშვილის თანაგუნდელები დღესაც მიიჩნევენ, რომ ასეთივე კონკრეტული გადაწყვეტილება აქამდე სხვა პარტიებსაც უნდა მიეღოთ.

ექსპრეზიდენტის ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელების მოწოდებები უმნიშვნელო და უინტერესოა ბრალდების ადრესატებისთვის. გახარიას გუნდში არ უარყოფენ, რომ პარტიაში საარჩევნო სამზადისი ახლაც მიმდინარეობს. სხვა პრიორიტეტებზე საუბრობს "ძლიერი საქართველო".

თვითმმართველობის არჩევნები, გუნდის გაძლიერების შესაძლებლობაა "გირჩისთვის". პარტია, რომელიც 4 ოქტომბერს, საკუთარ რეიტინგს კიდევ ერთხელ გაზომავს, ფიქრობს, რომ საარჩევნო მარათონიდან გასვლა, ცალკეული ოპოზიციური პარტიებისთვის, თვითლიკვიდაციის წინაპირობა იქნება.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მითითებებს უცხოელი დამფინანსებლებისგან ელოდება. უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ ნებისმიერი დაკვეთის შემთხვევაში, ბარიერგადალახულ პარტიებს პოლიტიკური პერსპექტივა არც მომავალში ექნებათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

დღის ამბები