21 ივნისი 2026,   06:36
ვრცლად
ბალისტიკური რაკეტის აფეთქება საბავშვო მოედანზე და 20 გარდაცვლილი - კრივი რიჰში გაეროს წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის მტკიცებულებები შეაგროვეს

უკრაინაში, ბალისტიკური რაკეტის აფეთქებიდან რამდენიმე წუთში გადაღებულ ვიდეომასალაში საბავშვო მოედანი ჩანს, სადაც, პოლიციას და მაშველებს, კიდურებმოწყვეტილი ბავშვები დახვდათ.

ოკუპანტმა კასეტური ბომბი, კრივი რიჰში საცხოვრებელ უბანს პარასკევს საღამოს ესროლა. თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ადგილობრივები ბავშვებთან ერთად სეირნობდნენ. დარტყმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა 9 მოზარდი, დაჭრილია 75, კრიტიკულია 19-ის მდგომარეობა. ოთხი მცირეწლოვანის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.

მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ, კრივი რიჰში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის კორტეჟი გამოჩნდა. მისიის თანამშრომლებმა ადგილზე ომის დანაშაულის და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის მტკიცებულებები შეაგროვეს.

თავდასხმას ერთ-ერთი პირველი, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა. ბრიჯიტ ბრინკმა X-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ტრაგედიის შესახებ დაწერილ პოსტში თავდამსხმელი რუსეთი არ ახსენა. ელჩის პოზიციას უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა.

უკრაინის ქალაქების დაბომბვის შესახებ შეკითხვას ამერიკის პრეზიდენტმაც უპასუხა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინის რეგიონების მიმართულებით ოკუპანტმა 1500-მდე მართვადი ბომბი, 670 დრონი და 30 რაკეტა გაუშვა. გასულ ღამეს, აფეთქებები იყო კუპიანსკში, სუმში და კიევში, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. განადგურებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე 

დღის ამბები