28 აგვისტო 2026,   04:01
ვრცლად
"საერთაშორისო დახმარება არჩევნების ჩასატარებლად ყოველთვის იყო და იქნება" - ლანა გალდავა ბრიტანეთის მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ გრანტზე

გაერთიანებული სამეფოს მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი გრანტი პოლიტიკური დისკუსიის საგნად რჩება.

საუბარია 100 000 გირვანქა სტერლინგამდე თანხაზე. სახელისუფლებო პარტია ქვეყანაში არეულობის მოწყობის მიზნებზე საუბრობს და აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ რესურსს, USAID-ის ალტერნატივად განიხილავს.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი მოტივაცია საქართველოში დემოკრატიის განვითარების სურვილია.

"საერთაშორისო დახმარება არჩევნების ჩასატარებლად ყოველთვის იყო და იქნება. თუ ზოგადად, არჩევნების გაუქმებას აპირებენ და არჩევნებისთვის მნიშვნელობის გაუქმებას, მაშინ პირდაპირ თქვან და ღიად ექნებათ ნათქვამი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს საერთოდ დემოკრატია და არ არსებობს არჩევნები", - აცხადებს პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საგრანტო პროგრამა 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარების ხელშეწყობისთვის გამოცხადდა.

დღის ამბები