მზად არის თუ არა კრემლი ომის დასრულებისთვის?! - შეერთებული შტატები ამ კითხვაზე პასუხს ისევ ელოდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი ევროპის კონტინენტზე ომის დასასრულებლად, სხვადასხვა სცენარს განიხილავს, თუმცა მარკო რუბიოს თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიიღოს.
შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკით კმაყოფილია კრემლი, რომლის პოზიცია ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, კირილ დიმიტრიევმა გააჟღერა. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მესამე მსოფლიო ომი აღკვეთა. პუტინის მრჩეველი არაფერს ამბობს უკრაინაში ომის საბოლოოდ დასრულების გეგმებზე.
სანამ რუსეთი ფიქრობს, უკრაინის პრეზიდენტი "მსურველთა კოალიციის" ფორმატში ევროპელ ლიდერებთან ერთად, მშვიდობის დამყარების საერთო სტრატეგიაზე მუშაობს. ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებისთვისაც ემზადება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის დასრულება პირდაპირ კავშირშია რუსეთის მხრიდან ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან.
სანამ ქვეყნები სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდებიან, უკრაინის ტერიტორიაზე ომი გრძელდება. კრივი რიჰზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები. 60-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. გამოცხადებულია 3-დღიანი გლოვა. აგრესორები თავს დაესხნენ ხერსონსა და დონეცკის ოლქებსაც, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ქვეყნის პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებს თანადგომისთვის მადლობას უხდის, ამერიკულ მხარეს კი, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
უკრაინის ტერიტორიაზე ომი უკვე 1 137 დღეა გრძელდება. ჯერ უცნობია, როდის შეწყდება ცეცხლი ევროპის კონტინენტზე.
ავტორი: სიმონ შანავა