22 აგვისტო 2026,   23:48
ვრცლად
"ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს არანაირად არ აწყობთ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლა და ურჩევნიათ გამოგონილი საბაბებით თავი აარიდონ ამას" - ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ და დღემდე პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ.

მაჭავარიანის თქმით, მათ არანაირად არ აწყობთ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლა და ურჩევნიათ გამოგონილი საბაბით თავი აარიდონ ამას.

"მთავარი მოტივი არის ორი - პირველი, ისინი ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და დღემდე პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ. მეორე, თუ ხაზარაძეზე და ჯაფარიძეზე ვისაუბრებთ, მათ არანაირად არ აწყობთ. მთელი საქართველო ამ პროცესს [დროებით საგამოძიებო კომისიას] უყურებს პირდაპირ ეთერში და იქ რაზე უნდა ილაპარაკონ, იქ სიცრუეს მათ არავინ არ აპატიებს და სიმართლე რომ ილაპარაკონ, თავიანთი თავის წინააღმდეგ უნდა მისცენ ჩვენება, ეგრე გამოდის. არა მხოლოდ "მაგნატის" საქმე, რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ, იქ არის კიდევ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე - "ელიტ ელექტრონიქსის" საქმე, ბანკი "კონსტანტას" საქმე და ა.შ. რომ მივიდნენ, რაზე უნდა ილაპარაკონ?! - ილაპარაკონ იმაზე, რომ კი, ჩვენ ვპარტნიორობდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" ძალიან აქტიურად და კი ბატონი "თი ბი სი" ბანკი გამოიყენებოდა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ბიზნესის რეკეტისთვის. შესაბამისად, მათ არანაირად არ აწყობთ მისვლა და ურჩევნიათ გამოგონილი საბაბებით თავი აარიდონ ამას. თუმცა ეს ყველაფერი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და სასამართლო დაადგენს, თუ რა მიესჯებათ მათ ამისთვის. თუ მოლოდინი გვაქვს ობიექტურობის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ისინი კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები