სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ჭარბი ალფატოქსინების შემცველი რძე ბაზრიდან უკვე ამოღებულია - უწყებამ დამატებითი განმარტება ცოტა ხნის წინ "კურიერთან" გააკეთა.
სპეციალისტების თქმით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. კომპანია "სოფლის ნობათის" განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.
„იყო მცირე რაოდენობის პარტია, მყისიერად ინფორმაცია როგორც კი მოგვეწოდა გავასაჯაროვეთ და თავად ბიზნეს ოპერატორი, ვინც ძალიან აქტიურად გვეთანამშრომლება, მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების ამოღება ბაზრიდან. რძის მწარმოებლები მიეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს და ამიტომ, ასეთ ობიექტებს მინიმუმ ოთხჯერ ვამოწმებთ - ოთხჯერ გეგმური შემოწმება, ოთხი გადამოწმება. ჩათვალეთ, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ ჩვენი სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება მაღალი რისკის საწარმოებში. აქამდე მსგავსი პრობლემა არ გვქონია. კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორთან საერთოდ მიმართებაში არ გვქონია. ეს არის პირველი შემთხვევა, მცირე პარტიებთან დაკავშირებული, კონკრეტული პარტიებია მითითებული ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც იყო დაკავშირებული ამ გადაცდომასთან“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი.