გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრები სამეგრელოდან დაიწყო. დავით სონღულაშვილი აბაშაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებულ ცენტრში მივიდა. შეხვედრაზე მინისტრმა მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. აქცენტები, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფოს ჩართულობაზეც გაკეთდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრი, სოფელ ინგირში ჩავიდა, სადაც კომპანია "ჯიმა ნუთში" თხილის გადამამუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. დავით სონღულაშვილი თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მიიღო ინფორმაცია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო უკვე წლებია ფერმერების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს და ეს პოლიტიკა მომავალშიც შენარჩუნდება.
ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ, დავით სონღულაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. რეგიონის სატყეო სამსახურის ახალი ოფისი 9 მუნიციპალიტეტს ემსახურება. მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით სარგებლობენ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებსაც შეხვდა. დავით სონღულაშვილმა ადგილზე რეგიონში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და სამმართველოს საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
დავით სონღულაშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირშიც იმყოფებოდა, სადაც დაფნის გადამმუშავებელ საწარმოში მივიდა და ფერმერებს შეხვდა. მინისტრმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში ქართულ დაფნაზე მოთხოვნა გაიზარდა. საქართველოს მასშტაბით, დაფნის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 9 მთელ 4 მეათედ მილიონ ლარზე მეტია.
ოფიციალური მონაცემებით, წარმოების და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნის ფონზე, მზარდია დაფნის ფოთლის ექსპორტიც. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 94%-ით მეტია.