დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. როგორც The New York Times-ი წერს, მათ შორისაა სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს "ამერიკის ხმას", "რადიო თავისუფლებას" და შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში.
მედიის ინფორმაციით, სააგენტოების ხელმძღვანელებს დაევალათ, გააუქმონ ყველა ფუნქცია, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი. იგულისხმება პერსონალის შემცირებაც.
აღნიშნულ სააგენტოებს შვიდი დღის ვადაში მოეთხოვებათ, ბრძანების შესრულებისთვის საჭირო გეგმები წარუდგინონ აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორს.
განკარგულება ეხება ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც, "ამერიკის ხმის" გარდა, აფინანსებს Radio Free Europe/Radio Liberty-ს და Radio Free Asia-ს.
აღნიშნული ორგანიზაციების ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონი დოლარია. მათ 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ.