31 აგვისტო 2026,   00:30
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ში, ქალთა სტატუსის კომისიის სესიაში სიტყვით გამოსვლის დროს, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ში, ქალთა სტატუსის კომისიის სესიაში სიტყვით გამოსვლის დროს.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ამ მიმართულებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოში ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე.

ქალთა სტატუსის კომისიის ფარგლებში ბოჭორიშვილმა გამართა პირისპირ შეხვედრები გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთანაც.

"კონფლიქტები კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ ძალადობასთან, იძულებითი გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება.

გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა არ არის დაცული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისგან.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს ადგილზე, სადაც, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში, სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია.

ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ზედიზედ 10 წელია, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივის, საინვესტიციო მიმზიდველობისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები