"ეშინიათ იმისი, რომ მათ ფაქტობრივად არ დარჩათ ამომრჩეველი, ამიტომაც ამბობენ უარს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ განაცხადა.
ამით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა ოპოზიციის დიდი ნაწილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
"ამაზე მეტყველებს ის, თუ რა ტიპის პროტესტს ვხედავთ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე - რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს. თუ ვინმეს უნდა დაამტკიცოს, რომ ჰყავს ამომრჩეველი, შესწევს ძალა, რომ რაიმე პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, კეთილი ინებონ და მიიღონ მონაწილეობა იმ არჩევნებში, რომელიც დანიშნულია შემოდგომაზე," - აცხადებს პაატა სალია.