31 აგვისტო 2026,   09:14
ვრცლად
"ჩვენ ვცვლით კანონს და არა ადამიანებს" - თინათინ რუხაძე "თეატრის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გადაცემა "ღამის კურიერში" თეატრის შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მინისტრმა მთავარი აქცენტი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელზე გააკეთა და განმარტა, რომ რეალურად, პირები, რომლებიც ახლა სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს იკავებენ, თეატრის დირექტორის პოსტზე კვლავ ისინი დარჩებიან.

მისივე თქმით, კანონპროექტი, ევროპაში არსებული ყველაზე წარმატებული მოდელის მიხედვით არის დამუშავებული.

"კანონის ცვლილებას ითხოვდა დარგი, მე ეს ვიცოდი მანამ, სანამ მინისტრი გავხდებოდი, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ დარგს, რადგან თეატრის დირექტორის ვიყავი. ჩვენ ვცვლით კანონს და არა ადამიანებს. ვიცით, მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი არის გიორგი მარგველაშვილი - მარგველაშვილი დარჩება ხელმძღვანელი, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი არის რობერტს სტურუა - ისევ იქნება.

ჩვენი მმართველობის სფეროში არის 25 თეატრი და უმრავლესობისგან იყო წერილობითი მიმართვები, რომ ცვლილებები იყო საჭირო დარგის განვითარებისთვის, იმიტომ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან. ერთის მხრივ, თანხვედრა უნდა ყოფილიყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მეორე მხრივ თეატრი განვითარებას ითხოვდა. ავიღეთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, რომელიც არის ევროპაში. კერძოდ ინტენდანტის პრინციპზე გადასვლა, ის, რაც არის საერთაშორისო მოდელი და განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც მარტივად რომ ავხსნა - სახელმწიფო თუ აფინანსებს თეატრს, იმ თეატრს მართავს მმართველი ანუ დირექტორი. საჯარო სამართლის იურიდიული პირებია და იქაც იგივე წერია.

კანონში არის ჩანაწერი, რომ დღეს ვინც არის სამხატვრო ხელმძღვანელი, ის ყველა ინიშნება დირექტორად. ეს გავლილია დარგთან, კონსულტაციები მიმდინარეობს კონკრეტულ ფორმულირებებზე. ვფიქრობ, ამ სამინისტროში არიან ისეთი კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც ესმის ეს დარგი", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ცნობისთვის, ქართველი კანონმდებლები თეატრის შესახებ კანონზე მუშაობენ. ცვლილების მიხედვით, გაუქმდება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, თეატრის მმართველი კი დირექტორი იქნება, რომელსაც კულტურის მინისტრი დანიშნავს. კანონზე მუშაობა არ არის დასრულებული და უფლებამოსილების შესახებ მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს.

დღის ამბები