31 აგვისტო 2026,   09:14
ვრცლად
პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ცესკოს მონაცემებს დაემთხვა, მაგრამ არ გამოქვეყნდა - არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაშია

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაშია. გენერალურმა პროკურატურამ ამჯერად ISFED-სგან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოითხოვა. დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე ორგანიზაცია უკვე მეხუთე თვეა უარს ამბობს, თუმცა დღეს განაცხადეს, რომ მასალას პროკურატურას მიაწვდის. ინფორმაცია თავად "სამართლიანმა არჩევნებმა" "ფეისბუკ" განცხადებით გაავრცელა, რასაც მალევე ორგანიზაციის დირექტორის სტატუსიც მოჰყვა.

დამოუკიდებელი გადაწყვეტილება თუ დონორებთან შეთანხმებული პოზიცია - ვისი ინიციატივით არ გასაჯაროვდა პარალელური დათვლის შედეგები, გაუზიარეს თუ არა მონაცემები საკუთარ დამფინანსებლებს, USAID-ის ან ამერიკის საელჩოს - კითხვებს ISFED-ში არ პასუხობენ. "კურიერი" დღეს ორგანიზაციის ოფისშიც იმყოფებოდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ ისურვეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ISFED-ის მიზანი, ამჯერადაც არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება იყო, თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით, პარალელური დათვლის მონაცემები ვერ გააყალბეს. ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ გამოძიება 5 წლის წინანდელი სკანდალითაც უნდა დაინტერესდეს.

2020 წლის მოვლენები ოპოზიციაშიც ახსოვთ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნების პარალელური დათვლის გამოქვეყნება ISFED-ის რეპუტაციას გამოასწორებდა, თუმცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას ISFED-ზე საუბარი არ სურს და მხოლოდ პროკურატურის მიმართ უნდობლობას გამოხატავს.

"სამართლიანი არჩევნების" უსამართლო ნაბიჯი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ISFED-ის გადაწყვეტილებას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ორგანიზაცია პარალელურ დათვლას ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა და სწორედ ამიტომ არ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც ცესკოს შედეგებთან თანხვედრაში იყო.

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის განცხადებების გამო, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

დღის ამბები