31 აგვისტო 2026,   07:42
ვრცლად
7 თვე მორიგ არჩევნებამდე - მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთია, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე, 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა, თუმცა დღეს ერთადერთი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბუნდოვანია, "ძლიერი საქართველოს" პოზიცია. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში ფიქრობენ, რომ 4 ოქტომბრამდე ქვეყანაში, ჯერ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. რას აპირებს გახარიას, ან გვარამია-მელიას გუნდი უცნობია - მათ დღეს კომენტარზე უარი თქვეს.

საკუთარ რეიტინგს 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოცდის "გირჩი." პარტიაში, რომელიც საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩა, ახლა დარწმუნებული არიან, რომ ნაკლები კონკურენციის პირობებში საკრებულოში ადგილს დაიკავებენ.

ოპონენტებს დღეს სახელისუფლებო გუნდიდან ურჩიეს საკუთარი რეიტინგი თვითმმართველობის არჩევნებზე გაზომონ, რადგან საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2028 წლამდე არ აპირებენ. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ კოალიციებს, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვეში თავისივე ამომრჩეველი დაკარგეს, ოქტომბერშიც დიდი უპირატესობით დაამარცხებენ.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ საკუთარ რეიტინგს უცხოელი დამკვეთების დავალებების შესრულებით, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს გაიმართება. თარიღს ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს. მონაწილე სუბიექტებს კი 4-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

დღის ამბები