31 აგვისტო 2026,   07:41
ვრცლად
სანქციები ბალტიისპირეთიდან - მმართველი გუნდი ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის მთავრობებს ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს

მმართველი გუნდი ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მთავრობებს ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს. საუბარია სანქციებზე, რომელიც ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს მოქალაქეებს დაუწესა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების აზრით, ამ ფორმით, ბალტიის აუზის ქვეყნები უკვე სამი წელია საქართველოს დაზიანებას მიზანმიმართულად, საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გამო ცდილობენ.

ცალმხრივი მეგობრობის მაგალითი - ასე შეაფასა საკუთარ სოციალურ ქსელში ბალტიისპირეთიდან დაწესებული სანქციები პარლამენტის სპიკერმა. შალვა პაპუაშვილმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, საქართველოს მხრიდან ნატოს სამშვიდობო მისიებში გაღებული კონტრიბუციაც შეახსენა, რომელიც სამივე ქვეყნის წვლილს რიცხობრივად ხუთჯერ აღემატება. პაპუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დუმდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები სააკაშვილის მმართველობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე ფაქტებზე, როდესაც "ოცნების" ხელისუფლებას არარსებული მიზეზებით აკრიტიკებენ.

ოპოზიციაში არ მალავენ, რომ სანქციების მიზანი, მოსახლეობაში მათთვის სასურველი აღქმების გაჩენაა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ბალტიის აუზის ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები მმართველი პარტიის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი იარაღი იქნება.

ურთიერთობის ხელოვნურად დაზიანების მცდელობა, რომლის უკანაც ე.წ. დიფ სთეითის გავლენები დგას - საქართველოს პრემიერ-მინისტრი სანქციების მიღმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობაში არსებულ გავლენებზე საუბრობს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს დღეს სუვერენიტეტის პრობლემა უდგას, რაც არასამართლებრივი ქმედებების წინაპირობაა.

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს 55 მოქალაქეს სანქციები 3 მარტს დაუწესა. ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა დეპუტატებთან და სამართალდამცველებთან ერთად, რამდენიმე მოსამართლესაც აეკრძალა.

დღის ამბები