საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაციისა (CERN) და მის ბაზაზე მოქმედ ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან (IPPOG) თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო შემეცნებითი CERN/IPPOG მასტერკლასების 2025 წლის სესიების ციკლი დაიწყო.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, CERN/IPPOG მასტერკლასის პირველ სესიას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო მასტერკლასი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა გახსნა.
CERN/IPPOG-ის შემეცნებითი მასტერკლასების მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და დაინტერესება ფუნდამენტური კვლევებით.
CERN/IPPOG-ის მასტერკლასები საქართველოში ყოველწლიურად იმართება და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანია მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართვა პროცესში. 2025 წელს დაგეგმილია კიდევ 5 მასტერკლასის ჩატარება 5 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.