"სამართლიანმა არჩევნებმა" საქართველოს გენერალური პროკურატურისგან წერილი მიიღო, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პროკურატურა დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ISFED წერს, რომ უწყებას შესაბამის დოკუმენტაციას გაუგზავნის.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ISFED-ის დირექტორმა. ნინო დოლიძე წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ცესკოს შედეგებს ემთხვევა, თუმცა იმავდროულად, წერს, რომ ეს რიცხვები ვერ იქნება საპარლამენტო არჩევნების ვალიდურობის საზომი.
ნინო დოლიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაშიც იმყოფებდა გამოკითხვაზე.
"ამ გამოძიების ფარგლებში გამოვიკითხე მე, ჩემი მოადგილე და ჩვენი სამეგრელოს რეგიონული ხელმძღვანელი. ვისაუბრეთ ორგანიზაციის მიგნებებზე, წარვადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია. ამჯერად, პროკურატურა ხმების პარალელური დათვლის დოკუმენტაციას ითხოვს. მივაწვდით, რა პრობლემაა. აქვე თუ ინტერესის საგანია შედეგებთან დაკავშირებული რიცხვები, ბევრჯერ ვთქვით, რომ რიცხვები თანხვედრაშია და ცესკოს ოქმების დაჯამების დროს არ ჰქონია არითმეტიკის პრობლემები. მაგრამ, ეს რიცხვები ვერ იქნება საპარლამენტო არჩევნების ვალიდურობის საზომი, რადგან წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბმა, შინაარსმა და ხარისხმა არსებითი გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე და არჩევნების შედეგები ვერ ჩაითვლება საქართველოს ამომრჩევლის ნების ჭეშმარიტ გამოხატულებად," - წერს ნინო დოლიძე.