თეთრი სახლისგან განსხვავებით, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუნინგ სთრითზე მეგობრულად დახვდნენ. ინგლისში უკრაინის პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ გაემგზავრა. ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანეთის პრემიერი შეეგება. პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთის მეფეც უმასპინძლებს. კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ხალხთან ერთად, უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, ვიდრე ომში მყოფ ქვეყანას დასჭირდება.
დოკუმენტს ხელი გუშინ მოეწერა - თავდაცვის გაძლიერების მიზნით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სესხს გამოუყოფს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაიფარება. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ონლაინფორმატში გაიმართა და მასზე ხელი უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა მოაწერეს. "შემოსავლების საგანგებო დაჩქარება უკრაინისთვის" - ეს არის მექანიზმი, 50-მილიარდიანი მოცულობით, რომლის კრედიტი სამომავლოდ გაყინული რუსული აქტივებიდან ივსება. სწორედ ამ სახსრებით გადაეცემა უკრაინას სესხი. კირ სტარმერმა ისიც განაცხადა, რომ, ფინანსური დახმარების პარალელურად, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთთან ერთად, სამშვიდობო გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები გეგმას შეერთებულ შტატებთან განიხილავენ.
ოვალურ კაბინეტში სკანდალური სცენის შემდეგ, ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ უფრო გააქტიურდა. დიდი ბრიტანეთი ევროპელი ლიდერების სამიტს მასპინძლობს. ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ლიდერები, ლონდონში, უკრაინის გადარჩენის გზებზე მსჯელობენ. უხერხული, არასასურველი, გაუმართლებელი - ასე აფასებენ ევროპული სამიტის მონაწილეები თეთრ სახლში მომხდარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტს შტატების პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას ურჩევენ, რადგან, მათი შეფასებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გარანტი შეერთებული შტატებია.
ხისტია საკუთარ შეფასებაში საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ თუ ვინმეს მესამე მსოფლიო ომი სურს - ეს ვლადიმერ პუტინია.
ლონდონის სამიტში არ მონაწილეობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირის შიგნით უკრაინასთან დაკავშირებით მიდგომებში სტრატეგიული სხვადასხვაობაა, რაც რთულად გადასალახია. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უარი თქვას მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე. "როიტერსი" წერს, რომ ორბანი ევროკავშირს სთავაზობს, ნუ ეცდებიან უკრაინის შესახებ წერილობითი დასკვნების მიღებას. ვიდრე ევროპა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონის პოზიციით კმაყოფილია. სერგეი ლავროვმა დონალდ ტრამპი შეაქო და თქვა, რომ ის პრაგმატული ადამიანია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, შტატების ახალ მთავრობას საომარი მოქმედებების დასრულება სურს, ევროპა კი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
როდის შეწყდება უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები? - კითხვა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. მოლოდინი, რომ 28 თებერვალს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის მისვლა, მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის და სამშვიდობო გეგმასთან მიახლოების წინაპირობა იქნებოდა, არ გამართლდა. შეთანხმების ნაცვლად, მთელმა მსოფლიომ პირდაპირი ეთერის საშუალებით იხილა ის, რაზეც საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკული პრესა იტყობინება, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხსაც გადახედავს.