21 ივნისი 2026,   15:07
ვრცლად
ტრამპი-ზელენსკის უშედეგო შეხვედრა, რომელიც ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო - ოვალურ კაბინეტში გამართული მწვავე დისკუსია მედიის თანდასწრებით

ვოლოდიმირ ზელენსკის 139 წუთი ოვალურ კაბინეტში, რომელმაც ამერიკასა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობა შეცვალა - უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში 24 წუთის დაგვიანებით მივიდა. კართან ამერიკელი კოლეგა ელოდა.

პირველი ირონიული რეპლიკა ზელენსკიმ ტრამპისგან სწორედ თეთრი სახლის შესასვლელთან მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის ჩაცმულობა კრიტიკის საგანი ოვალურ კაბინეტში მემარჯვენე გამოცემის რეპორტიორისგანაც გახდა. ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ დაიცვა თეთრ სახლში მისულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეტიკეტი. პასუხმა არ დააყოვნა.

ოვალურ კაბინეტში, სადაც მედიისთვის მცირე პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, დისკუსია 49 წუთს და 23 წამს გაგრძელდა. ისაუბრეს იშვიათ მინერალებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე, რომელზეც ხელი 2 ქვეყნის პრეზიდენტს რამდენიმე წუთში უნდა მოეწერა. ზელენსკიმ ტრამპს უსაფრთხოების გარანტიები მოსთხოვა და იმ სამხედროების ფოტოებიც აჩვენა, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. საუბარი შეეხო ვლადიმერ პუტინსაც.

დონალდ ტრამპის სიხისტე მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა. საუბრის დაწყებიდან 41-ე წუთზე ოვალურ კაბინეტში ემოციურმა ფონმა პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც დისკუსიაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ჩაერთო.

ამის შემდეგ მწვავე კამათი პირადად პრეზიდენტებს შორის გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა ჯერ ვერბალურად, შემდეგ კი ხელის ხელზე შეხებითაც კი შეაწყვეტინა.

დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ამერიკელი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოხატვისკენ არაერთხელ მიუთითა. გააფრთხილა, რომ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება.

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარებაც შეახსენა.

ცხარე კამათი, რომელსაც ისტორიაში პირველად ოვალური კაბინეტიდან მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, ყველაზე მძიმე ოთახში მყოფებისთვის აღმოჩნდა.

აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას ვერ გაუძლო, ოვალური კაბინეტი დატოვა და რუზველტის სახელობის დარბაზში გადაინაცვლა.

მედიამ ოვალური კაბინეტი დატოვა. მალევე გაირკვა, რომ იშვიათ მინერალებზე შეთანხმება ჩაიშალა და დაგეგმილი პრესკონფერენციაც გაუქმდა.

უკრაინის პრეზიდენტის იმედგაცრუება, დონალდ ტრამპის სიხისტე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ხმამაღალი კრიტიკა და ოვალურ კაბინეტში სიტყვიერ დაპირისპირებამდე მისული პოლემიკა - 49 წუთსა და 23 წამში ზელენსკიმ, ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. ისტორიას დარჩება შეშფოთებული, გაოგნებული და გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტები თეთრი სახლიდან და სტუდიებიდან.

ასეთი იყო 28 თებერვლის დღე ვაშინგტონში. შეხვედრა, რომელიც ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, უშედეგოდ დასრულდა.

დღის ამბები