22 ივნისი 2026,   08:27
ვრცლად
USAID-ის თანამშრომლებმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სათაო ოფისი დატოვეს - რაში სდებენ ბრალს USAID-ს და რასთან ასოცირდება სააგენტოს მუშაობა საქართველოში "ქართული ოცნებისთვის"

15 წუთი ნივთების გამოსატანად შენობიდან, სადაც წლები გაატარეს - USAID-ის თანამშრომლებმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სათაო ოფისი დატოვეს.

მანამდე იყო ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, საგარეო დახმარების 90 პროცენტის გაყინვასთან დაკავშირებით. რაში ხარჯავდა USAID-ი ამერიკის ბიუჯეტს? - კითხვა მთავრობის ეფექტიანობის წარმომადგენელმა კონგრესშიც დასვა, სადაც თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობის გამოძიება დააანონსა. ტერორიზმის დაფინანსება, ცენზურა და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა, მსოფლიოში რეჟიმების შეცვლის მცდელობა, ექსტრემისტული და რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერა - სააგენტოს ბრალდებები წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე კონგრესმენმა ტეილორ გრინმა წაუყენა, რომელმაც USAID-ს ტვინის გამორეცხვის მანქანაც უწოდა.

"ქართული ოცნება" USAID-ის ფარულ მიზნებზე ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ალაპარაკდა, როდესაც სააგენტოს დაფინანსებით "ისფედმა" პარალელური ხმები დათვალა და არაზუსტი მონაცემები გაავრცელა. არჩევნების შედეგების მიზანმიმართული გაყალბების მცდელობის გარდა იყო რადიკალიზმის დაფინანსების ბრალდებებიც, სემინარები და კანვასის ტრენინგები რევოლუციურ სცენარებზე.

სამართლიან არჩევნებში პივიტის სკანდალზე საუბარი აღარ სურთ. USAID-ის პარტნიორები სააგენტოს მიზნების შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებებს რადიკალურს და სამწუხაროს უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად ოპოზიციაც ამტკიცებს, რომ ამერიკის განვითარების სააგენტო საქართველოში ჰუმანიტარულ პროექტებსა და დემოკრატიის გაძლიერებაზე მუშაობდა.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ USAID-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემთხვევაში ფაქტებიც დადასტურდება და ბევრი ახალიც გახდება ცნობილი. თუმცა უმრავლესობის აზრით, უკვე დადასტურდა, რომ სააგენტოს კონკრეტული პროექტები არა თუ სხვა ქვეყნების ეროვნულ ამოცანებს, არამედ ამერიკელი ხალხის ინტერესებსაც ეწინააღმდეგებოდა.

USAID-ის ათასობით თანამშრომლის გათავისუფლების განკარგულება დონალდ ტრამპმა გასცა. საგარეო დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თითოეული პროგრამის ინდივიდუალური შეფასების შედეგად მიიღო. კრიტერიუმი ""ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობა"" იყო.

დღის ამბები