02 სექტემბერი 2026,   15:42
ვრცლად
საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.

თბილისში გამართულ სამუშაო სესიას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო თურქეთის მხრიდან კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდნენ.

„თურქეთი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას შემომავალი ტურისტების თვალსაზრისით საქართველოსთვის. ამრიგად, დღევანდელი სამუშაო სესია არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ერთის მხრივ სახელმწიფოს წარმომადგენლები, თურქეთის მხრიდან ეს არის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, რომლებიც ტურიზმის სფეროში მოღვაწეობენ, ასევე კერძო სექტორი იყო წარმოდგენილი, სადაც გაიმართა მსჯელობა არსებულ თანამშრომლობაზე და იმ მიმართულებებზე, რაც არის საინტერესო, პოტენციური ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე ასაყვანად“, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის, ნადირ ალფასლანის განცხადებით, თურქეთი საქართველოსთან ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.  

"ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და სურვილი გამოვთქვით ერთობლივ თანამშრომლობაზე, ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე, სერტიფიცირებისა და პერსონალის გადამზადებაზე, განვითარებასა და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ორი ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზაობა მჭიდრო და საუკეთესო თანამშრომლობისთვის ჩვენს მოძმე და მეგობარ ქვეყანა საქართველოსთან", - აცხადებს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი.

დღის ამბები