31 აგვისტო 2026,   07:45
ვრცლად
შეხვედრა, რომლისკენაც მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი - ტრამპი და ზელენსკი განხილულ საკითხებზე შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უკვე ერთი საათია გრძელდება. ახლა ყველა ელოდება პრესკონფერენციას თეთრ სახლში, სადაც აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები დაადასტურებენ, რომ მათ ხელი მოაწერეს ძვირფას მინერალებზე შეთანხმებას, რომელზეც კიევმა ორჯერ თქვა უარი.

მედიასთან განცხადებების გაკეთება 10 საათზეა ჩანიშნული. ორი პრეზიდენტის პრესკონფერენციას "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ან ძალიან სწრაფად დასრულდება, ან არასდროს დასრულდება. იქამდე, ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს პირისპირ შეხვდა და უკრაინაში ომის დასრულებაზე ესაუბრა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც შეახსენეს.

პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს ბრიტანეთის პრემიერმაც უპასუხა. კირ სტარმერმა ამერიკას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერისგან დაპირებაც მიიღო - მიმდინარე წელს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას მეტ დახმარებას გაუწევს.

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან ევროპელი ლიდერები. მათი ნაწილი დონალდ ტრამპის კრიტიკას ისევ არ ერიდება, ნაწილი კი ამერიკის 47-ე პრეზიდენტის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება.

უკრაინა კი 1101-ე დღეა იბომბება. რუსულმა ძალებმა შაჰიდის ტიპის დრონებით ზაპოროჟიეზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. მასობრივი თავდასხმა იყო ხარკოვის ენერგოსისტემაზეც.

დღის ამბები