დიდთოვლობა იმერეთში - უხვი ნალექის გამო 60-მდე სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 9 000 აბონენტს. სკოლებისა და ბაღების ნაწილში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან და შესაბამის უწყებებთან ერთად თავდაცვის ძალებიც მონაწილეობენ.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები, მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა და გუშინ ღამითვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა.
"იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები. მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა და გუშინ ღამითვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა. 150-მა ერთეულმა ტექნიკამ დილიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, ჯარისკაცები და სამხედროები სხვადასხვა მიმართულებით არიან განაწილებული. უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. დარჩენილი 20 000 აბონენტიდან გუშინ ჩაირთო 12 000 აბონენტი. სამუშაოები ყველა მიმართულებით გრძელდება, რათა დროულად მოხდეს ყველა შეფერხების აღმოფხვრა," - აცხადებს ლევან ზალკალიანი.