დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, საქართველოს საკითხის განხილვას და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო სანქცირების თემის გააქტიურებას მმართველი გუნდი ევროპის ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. დიფ სთეითის გავლენებს უკავშირებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ რამდენიმე წელია უცხოური ძალები ბიძინა ივანიშვილის დასჯას მისი სახელმწიფოებრივი პოზიციის გამო ცდილობენ. პოლიტიკური ლიდერების მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქტივები
საერთოდ არ გააჩნია, რაც ბრიტანელების სავარაუდო გადაწყვეტილებას არამეგობრულთან ერთად კომიკურსაც ხდის.
თემთა პალატის წევრებმა, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე 26 თებერვალს იმსჯელეს. სტივენ დოუთმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და არც ის გამორიცხა, რომ ზეგავლენის მოსახდენად ბრიტანეთმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქციროს.
რა გავლენა ექნება ბრიტანულ სანქციებს, თუ ივანიშვილს მათ ტერიტორიაზე აქტივები არ
გააჩნია - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხელისუფლების ოპონენტებს უჭირთ. ამბობენ, რომ ბრიტანულ სანქციებს პოლიტიკური ეფექტი ექნება და ხელისუფლების პოზიციებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
"გარე ძალების მხრიდან ოპოზიციის გაძლიერების მორიგი მცდელობა, რომელსაც შედეგი არ ექნება" - საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს ბრიტანელი კოლეგები მწვავედ გააკრიტიკეს. თქვეს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის დასჯის სურვილი, მისი მხრიდან ეროვნული ინტერესების გატარებასუკავშირდება.
კანონმდებლების თქმით, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ქვეყანა მეორე ფრონტისგან იხსნა, რასაც ოპოზიციის საგარეო ლობისტები ვერ ჰბატონობენ.
საქართველოს საკითხზე მსჯელობა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში გუშინ გაიმართა. ბრიტანელი კანონმდებლები არ გამორიცხავენ, რომ მთავრობის წევრებთან ერთად ფინანსური სანქციები "ქართული ოცნების" დამფუძნებელსაც შეეხოს.