25 აგვისტო 2026,   17:21
ვრცლად
ერთია საფუძვლიანი ეჭვი მქონდეს, მაგრამ მეორეა ამის მტკიცებულება მოიპოვო. ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ, სქემებიც დახურული და შენიღბული აქვთ, ჩახლართული კვანძების გახსნას დრო სჭირდება - თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ბრალზე​

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმსჯელა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ წინასასამართლო სხდომის თარიღად 19 ოქტომბერი განსაზღვრა.

პროცესს ღარიბაშვილი არ დასწრებია. ახალი ბრალი პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ წაუყენეს.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ, სქემები ისეთი დახურული და შენიღბული აქვთ, რომ ამ ჩახლართული კვანძების გახსნას ხანდახან დრო სჭირდება.

"რაღაცა სწორად რომ არ ხდებოდა და რაღაცა მოსაწონი პოლიტიკურად რომ არ იყო, ალბათ ამის გამო გადაწყვიტა გუნდმა, რომ ის პრემიერ-მინისტრი სხვა პრემიერ-მინისტრით ჩაენაცვლებინა. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებს, ისევ გეუბნებით, ერთია მე ეჭვი მქონდეს და შეიძლება საფუძვლიანი ეჭვიც გვქონდეს, მაგრამ მეორეა ამის მტკიცებულება მოვიპოვო და აქ არის ლაპარაკია იმაზე, რომ ამას ხანდახან დიდი დრო სჭირდება. ასეთ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ, რა თქმა უნდა, სქემებიც ისეთი დახურული და შენიღბული აქვთ, რომ ამ ჩახლართული კვანძების გახსნას ხანდახან დრო სჭირდება და რაც მთავარია, ამ საქმეს სჭირდება ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, 2022 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართული ჯარისთვის ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა საიდუმლო შესყიდვით და ბიზნესმენთან გარიგებით თერთმეტ-ნახევარი მილიონი ლარის ნაცვლად 18-ტ მილიონ-ნახევარ ლარად შეიძინა. მილიონ 900 ათასი ლარი კი ქრთამის სახით სამ კაცზე, ვასილ მხეიძეზე, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ირაკლი ღარიბაშვილზე გადანაწილდა. ღარიბაშვილს ბურჭულაძემ 750 ათასი ლარი გადასცა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები