31 აგვისტო 2026,   10:03
ვრცლად
26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება - მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციიდან ორი მოწმე დაიკითხა

საჩივრები, რომლებიც საია-ს თავმჯდომარემ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ე.წ ბაინდერებით გადასცა, ადმინისტრაციულ სასამართლოს უკვე განხილული აქვს. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დღეს პირველად დაიკითხა. ნონა ქურდოვანიძის მსგავსად, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, პროკურორების შეკითხვებს სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემაც უპასუხა.

გამოძიება არასამთავრობო სექტორისგან ფაქტების წარმოდგენას ითხოვდა. საქმის პროკურორები დაინტერესდნენ - ჰქონდა თუ არა მესამე სექტორს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც სხვის ნაცვლად ხმის მიცემის შემთხვევებს ან ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არჩევანის დაფიქსირების პროცესს ასახავდა.

პროკურატურამ, ანალოგიური შეფასება გააკეთა, გამოძიების პირველ ეტაპზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკითხვის შემდეგაც. ბარიერგადალახულ პარტიებში მაინც ამტკიცებენ, რომ მათ სასამართლოში საარჩევნო დარღვევის არაერთი მტკიცებულება წარადგინეს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით შეკითხვები არ არსებობს, ოპოზიციას და მესამე სექტორს კი მანიპულაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვთ.

პროკურატურამ, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარდა 800-მდე საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა ასობით მოწმე, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

დღის ამბები