არჩევნების საქმეზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიება გრძელდება. საქალაქო სასამართლოში დღეს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით პროკურატურის შეკითხვებს უპასუხა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ და სამართლიანი არჩევნების წევრმა ლევან ნატროშვილმა.
"ძირითადად ამ საკითხებზე იყო კითხვები - ეს არის მრავალჯერადი და სხვის მაგივრად ხმის მიცემის შემთხვევები და პლუს, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები,“ - აღნიშნა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილმა.
პროკურატურის შეკითხვებს უპასუხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც თქვა, რომ წარადგინეს სადამკვირვებლო მისიის მიერ მოგროვილი მტკიცებულებები და საჩივრები, რომლებიც დაიწერა როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში.
"ჩვენ თვითონ მივმართეთ პროკურატურას, გამოძიება დაიწყო ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმედია, რომ ეს გამოძიება მართლაც ჩატარდება ობიექტურად და გამოიძიებენ რატომ დაირღვა ხმის ფარულობა.
ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მიერ მოგროვილი მტკიცებულებები და საჩივრები, რომლებიც დაიწერა როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდგომ და ეს დოკუმენტები, რომლებიც შვიდ ბაინდერად იყო ამ შემთხვევაში შეკრული კატეგორიების მიხედვით, გადავეცით გამოძიების", - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
რაც შეეხება საგამოძიებო უწყებას, პროკურორი ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ ნონა ქურდოვანიძეს რაიმე კონკრეტული ახალი ფაქტი ან დოკუმენტაცია, რომელიც გამოძიებისთვის არ არის ცნობილი, მას არ წარმოუდგენია.
"მის მიერ რაიმე კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა წარმოდგენილი, ან რა გავლენა მოახდინა ამან კონკრეტულ პირზე. ძირითადად წარმოდგენილი იქნა დოკუმენტები, ანუ ის საჩივრები, რაც უკვე განიხილა ადმინისტრაციულმა სასამართლომ და სხვა რაიმე დამატებითი ფაქტი ან დოკუმენტაცია მას გამოძიებისთვის არ წარმოუდგენია. ასევე, მას შევეკითხეთ, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ან ერთი პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, თუმცა, ძირითადად მისი ინფორმაცია ეყრდნობა საჯარო წყაროებში და მასმედიაში გაკეთებულ ინფორმაციას. რაიმე კონკრეტული ახალი ფაქტი ან დოკუმენტაცია, რომელიც გამოძიებისთვის არ არის ცნობილი, მას არ წარმოუდგენია," - ამბობს ქეთევან ჩაჩავა.
საქმეზე უკვე გამოკითხულები არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროკურატურამ გამოძიება 164-ე ტერცია მუხლით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე 30 ოქტომბერს დაიწყო.