13 აგვისტო 2026,   13:29
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმეზე ჩვენებას სამართალდამცველები აძლევენ

საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის პროცესი გაიმართა. დაკითხეს შემთხვევის ადგილზე მომუშავე ექსპერტებიც.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირები, ადგილი, სადაც მოხდა დანაშაული. დაიკითხა როგორც გამომძიებლები, ასევე მონაწილე ექსპერტები, რომლებმაც აღადგინეს ფაქტობრივად შემთხვევის ადგილზე არსებული სურათი და გვითხრეს, თუ რა ნახეს მყისიერად მისვლის შემდგომ, ასევე აღწერეს ის დაზიანებული ყუთი, რომელიც ცეცხლის წაკიდებით არის დაზიანებული ბრალდებულის მხრიდან. მოწმეთა ჩვენებები იყო თანმიმდევრული, ისინი წინააღმდეგობაში არ არის ერთმანეთთან. ანაწმენდის აღება ხდება შემთხვევის ადგილიდან, თუმცა ამ ანაწმენდის კვლევა ხდება უშუალოდ ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ფარგლებში“, - აცხადებს პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი.

არჩილ მუსელიანცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, მან პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს დაზიანება მიყენა და ცეცხლი წაუკიდა.

დაცვის მხარის განცხადებით, დღეს გამოკითხულმა მოწმეებმა თითქმის ვერაფერი დაადასტურეს.

"შემთხვევის ადგილზე დათვალიერების ოქმი იმდენად ცუდად არის შედგენილი კალიგრაფიული თვალსაზრისით, რომ ბევრი რაღაცის ამოკითხვა დღემდე ვერ შევძელი. დღევანდელმა მოწმეებმა ბევრი ვერაფერი ვერ დაადასტურეს", - აცხადებს არჩილ მუსელიანცის ადვოკატი ვახტანგ მთლივლიშვილი.

არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები