31 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
იდეოლოგიური თანხვედრა თბილისსა და ვაშინგტონს შორის - ტრამპის განცხადებებმა "ქართული ოცნება" პოლიტიკური პოზიციების სისწორეში დაარწმუნა, ოპოზიცია კი დააბნია

თბილისსა და ვაშინგტონს დიდი მანძილი აშორებს, თუმცა იდეოლოგიურმა თანხვედრამ კილომეტრები არათუ შეამცირა, არამედ საერთოდ გააქრო. ის, რაც 2022-ში საქართველოში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ითქვა, 2025-ში შტატებში, მეორე ვადით მოსულმა პრეზიდენტმაც გაიმეორა.

პრემიერ-მინისტრი წარსულში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ისე, როგორც 3 წლის წინ, დღესაც, მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამხედრო აგრესია რუსეთის ფედერაციამ განახორციელა, თუმცა გარკვეულმა ძალებმა ხელი ომის დაწყებას და კაცობრიობის წინაშე უდიდეს დანაშაულს შეუწყო.

ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, იმავე საკითხზე, ღიად, უკვე ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ალაპარაკდა. დონალდ ტრამპის საყვედური ზელენსკის უკრაინაში ომის დაწყების გამო და ამერიკის პრეზიდენტის მკაცრი ტონი - გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარ თემად იქცა.

ნათქვამმა ზოგი დააბნია, ზოგის პოზიციები არია, თუმცა "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათი პოლიტიკა ოფიციალურ ვაშინგტონის პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია. უკრაინაში ომის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები მაშინ მწვავე კრიტიკის თემა გახდა, მაგრამ წლების შემდეგ სახელისუფლებო პარტიისთვის დადასტურდა, რომ მიდგომები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ- უსამართლო იყო, "ქართული ოცნების" გზავნილები კი გეოპოლიტიკის სწორ ანალიზს ეფუძნებოდა.

ომი, რომლის არდაშვება საქართველომ რეზოლუციით მოითხოვა- მმართველი გუნდი 2022 წლის 1 თებერვალს მიღებულ დოკუმენტსაც იხსენებს. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის, მთავარი მოწოდება უკრაინაში ომის არდაშვება იყო, თუმცა ამ დოკუმენტს ქართული ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონია. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა და მოსკოვისთვის ორმაგი სანქციების დაწესება - მმართველ გუნდში ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ზეწოლის ფაქტებსაც იხსენებენ.

დონალდ ტრამპის განცხადებამ "ქართული ოცნება" პოლიტიკური პოზიციების სისწორეში დაარწმუნა, ოპოზიცია კი დააბნია. მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილმა ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მიმართ, კრიტიკა სოციალურ ქსელში ვერ დამალა, თუმცა ნაწილი ასეთი თამამი კამერებთან არ არის. ტრამპის დღის წესრიგი არაფერ შუაშია, იმ ფაქტთან, რომ რუსეთი ამ ომში აგრესორია - ასეთია გახარიას პარტიის პოზიცია. თეონა აქუბარდია იმ არგუმენტზეც საუბრობს, რატომ არ დაუჭირა მაშინ მხარი საქართველოში მიღებულ რეზოლუციას.

დონალდ ტრამპს სიტყვას უწუნებს ირაკლი ფავლენიშვილი. მისი თქმით, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი სამართლიანი მშვიდობისკენ ისწრაფვის, თუმცა ომთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას არ იზიარებს. "ნაციონალური მოძრაობა" 2022 წელს მმართველ გუნდს, მსგავსი სიტყვების გამო აკრიტიკებდა, თუმცა დღეს ასეთი მწვავე დონალდ ტრამპის მიმართ მაინც არ არის. ვის პოლიტიკას ატარებს შტატების პრეზიდენტი - "ნაციონალური მოძრაობა" კონკრეტულად არ საუბრობს.

მმართველი გუნდი ოპონენტების ორმაგ სტანდარტსა და ზრახვებზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა იყო. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების განცხადებით, ის ვინც მშვიდობის მხარეს დგას ქართული ოპოზიციის მტერი ხდება, რადგან მათი დღის წესრიგი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებაა.

ევროპის კონტინენტზე ყველაზე ხანგრძლივმა ომმა, მსოფლიო დღის წესრიგი არია, თუმცა ახალი კონტურები უკვე გამოკვეთილია. საქართველო ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკის მზაობას გამოთქვამს, ეს საკითხი კი ხელისუფლებისთვის ყოველდღიურად უფრო და უფრო რეალური ხდება. არგუმენტად ის პოლიტიკა სახელდება, რომელიც დონალდ ტრამპს აქვს და რომელთანაც მმართველი გუნდი იდეოლოგიურ თანხვედრას ხედავს.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები