ტარიფები არის ეკონომიკური ომის ერთ ერთი ინსტრუმენტი - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაბეგროს იმპორტირებული ფოლადი და ალუმინი, არის მხოლოდ დასაწყისი და ევროპასთან პოლიტიკა მომდევნო რამდენიმე თვეში უფრო მეტად გამოიკვეთება.
ვაშინგტონს და ბრიუსელს შორის მიმდინარე პროცესების საქართველოზე გავლენას ვერ ხედავს ოპოზიცია, სადაც მიაჩნიათ რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დღის წესრიგი არ შეიცვლება.
"რა დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა და რა ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი ამაზე, ქვეყნის შიგნით ჩაიხედონ და თავის პრობლემებს მიხედონ. ჩვეულებრივი პროტექციონისტული პოლიტიკაა, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების შიდა ბაზრის განვითარებაზე და სხვა ამაში არავითარი შეთქმულებითი არ ყრია,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.
პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ ვროკავშირი ან ამერიკა ერთმანეთს რასთან დაკავშირებით რა ტარიფს დაუწესებს, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი:
"ევროპელებიც და ამერიკელებიც მიხედავენ თავიანთ ქვეყანას, მთავარი საკითხია ჩვენ რა ვქნათ. ევროკავშირი ან ამერიკა ერთმანეთს რასთან დაკავშირებით რა ტარიფს დაუწესებს, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი. ტრამპს და ევროკავშირს თავისი ინტერესი აქვს, საქართველო როგორ უნდა გამოვიდეს მოგებული ამ პროცესისგან, ეს არის მთავარი,"- აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.