23 აგვისტო 2026,   08:25
ვრცლად
ბაკურიანში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოასპარეზე ათლეტები დაჯილდოვდნენ

ბაკურიანში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოასპარეზე ათლეტები დაჯილდოვდნენ. გიგანტური სლალომის შეჯიბრის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, ფრედი ქარიკ სმითი გახდა, მეორე ადგილი - სტორმ ანდრე ჰაგენმა დაიკავა, ხორვატიის წარმომადგენელ ზიგი ვრდოლიაკს კი ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად.

ვაჟთა შორის ბიატლონში 12.5 კილომეტრზე ინდივიდუალურ რბოლაში გამარჯვებულ პოლონეთის წარმომადგენელს (Grzegorz Galica) ოქროს მედალი გადაეცა. ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა მეორე ადგილზე გასული ფრანგი ათლეტი (Nans Madelenat), ხოლო იტალიელ მოასპარეზე სპორტსმენს (Rafael Santer) ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილი ხვდა წილად.

გოგონათა შორის ბიატლონში 10 კილომეტრზე ინდივიდუალურ რბოლაში გამარჯვებულ ოლიმპიელს სლოვაკეთიდან (Michaela Straková) ოქროს მედალი გადაეცა. ვერცხლის მედალი მიიღო საფრანგეთის წარმომადგენელმა (Juliette Oliva), ხოლო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად შვეიცარიელ ათლეტს (Giannina Piller).

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა სტარტი ბაკურიანში, გუშინ აიღო. ბიატლონში 12.5 კილომეტრზე ინდივიდუალურ რბოლაში ახალგაზრდა ქართველი ბიატლონისტი შიო ქუჩუკიანი მონაწილეობდა. ახალგაზრდა სპორტსმენი მომდევნო დღეებში ბიატლონის სხვა დისციპლინებშიც იასპარეზებს. რაც შეეხება გიგანტურ სლალომს, სპორტის ამ სახეობაში 4 ქართველი ასპარეზობდა. მათგან საუკეთესო შედეგი ირაკლი ხერგიანმა აჩვენა. ორი დაშვების ჯამში მისი დრო 1:45.04 წამი გახლდათ, რითაც 43-ე ადგილზე გავიდა.

„ბაკურიანი 2025“ საქართველოს სამ ქალაქში – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი სპორტის 8 სახეობაში იასპარეზებს.

დღის ამბები