პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ფარას" ამერიკული კანონის მიღების მოტივაცია გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიზანია მოსახლეობა დეტალურად იყოს ინფორმირებული რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული ფული:
"ახლა გავიგეთ, რომ თურმე 41 მილიონი იყო დახარჯული ჩვენს არჩევნებზე, ახლა გავიგეთ ასევე, რომ თურმე მედია ქსელი იყო შექმნილი მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოც იყო მოხვედრილი. ახლა ვიგებთ პოსტ ფაქტუმ, როდესაც ის მავნე მიზნები, რომელიც შეიძლებოდა ჩადებული ყოფილიყო ამა თუ იმ ღონისძიებაში, უკვე აღსრულებული ყოფილიყო და მავნე შედეგები დამდგარი ყოფილიყო. ჩვენ კუსტარულად ვებრძოდით იმით, რომ ვცდილობდით გვემხილებინა იმ საჯარო ინფორმაციით რაც იყო და შემდეგ შემთხვევით დავადგენდით ხოლმე, თურმე დანიის სახელმწიფო ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს, თურმე USAID-ი და შვედეთის მთავრობა, საერთაშორისო გამჭვირვალობით, "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო კამპანიას აფინანსებს და ა.შ.
როდესაც იქნება "ფარას" სისტემა, როცა ამერიკულ სისტემაზე გადავალთ - ეს გულისხმობს, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად ეცოდინება, ვიდრე ჩვენ ეს მოქმედი კანონით გვქონდა, თუ რას საქმიანობენ, რაში იხარჯება ფული, თუ კარგ საქმეს აკეთებენ, არავის დასამალი არ აქვს,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.