ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ოფიციალური განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხებათ: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში.
საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობების და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას.
"ჩვენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით და გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას იმ მოვლენების გამო, რაც ხდება ქვეყანაში. ჩვენ ეს ყველაფერი დღეს განვიხილეთ, რათა საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ პროცესები საქართველოში ევროპული გზით არ მიდის. იცით, რომ ვიზებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ. ახლა წევრ სახელმწიფოებზეა მისი იმპლემენტაცია დამოკიდებული", - განაცხადა კაია კალასმა.