31 აგვისტო 2026,   00:21
ვრცლად
"ქართული ოცნების" დელეგაციას სტრასბურგში ორი პოლიტიკური ბრძოლის ველი აქვს - ერთი ევროპელ პოლიტიკოსებთან, ერთი კი - ქართული ოპოზიციის მხარდამჭერებთან

სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი კადრები სტრასბურგშია გადაღებული. გავრცელებული ვიდეომასალებით ირკვევა, რომ ევროპის პოლიტიკურ ცენტრში მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატებს ერთ ღამეში ორჯერ დაუპირისპირდნენ. სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, შეურაცხყოფა ჯერ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მყოფ გივი მიქანაძეს, თამარ ტალიაშვილსა და ეკა სეფაშვილს მიაყენეს, მოგვიანებით კი ქუჩაში, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს თეა წულუკიანს დახვდნენ.

მომხდარ ფაქტს, სტრასბურგიდან გამოეხმაურნენ ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" დეპუტატები. მთავარი ფიგურანტები მათ ადგილზე ამოიცნეს და თქვეს, რომ ერთ-ერთი მარი კაიშაურია, რომელიც ოპოზიციის აქტივისტი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მჭიდრო კავშირში მყოფი პირია.

სტრასბურგის ინციდენტში მონაწილე კაიშაურთან შესაძლო კავშირზე საუბარს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს თავი აარიდა. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა, სამართლიანი პროტესტის ნაწილია, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ ცდება.

ბულინგი და ფაშიზმი - ასე აფასებენ ქართული დელეგაციის წინააღმდეგ მომხდარ ფაქტებს მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწყებული სიძულვილის კამპანიის სათავეში მათი ოპონენტები დგანან, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იყენებენ.

სტრასბურგში მომხდარს აბუ-დაბიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით დეპუტატების შეურაცხყოფა ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მაგალითია.

თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ჩასულ ქართულ დელეგაციას სიტყვიერად გუშინ დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დღის ამბები