ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 საათში მიიღებს. ინიციატივა ზამთრის სესიაზე "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენელმა - ბორიანა ობერგმა დააყენა.
უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას მონიტორინგის კომიტეტი მიიღებს. მას ქართულმა ოპოზიციამ მმართველი გუნდის დელეგაციისთვის უფლებამოსილების არ ცნობის მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინ მიმართა. მმართველი გუნდის ოპონენტები, ადგილზეც სწორედ იმიტომ ჩავიდნენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები მათივე გაგზავნილ წერილში ასახული მოთხოვნების სისწორეში დაარწმუნონ.
სტრასბურგში იმყოფებიან მმართველი გუნდის წევრებიც. დელეგაციას ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ არასწორი აღქმების შექმნას ცდილობს, მმართველი გუნდის მთავარი მიზანი კი, საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ არასწორი წარმოდგენების გაბათილებაა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების მოლოდინშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წინა წლების მსგავსად, ოპოზიციის მცდელობა რაიმე ფორმით ზიანი მიაყენონ ქვეყანას, წარუმატებლობისთვის არის განწირული. პარლამენტის თავმჯდომარე კი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობებს.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მუშაობას ზამთრის სესიის ფორმატში, მთელი კვირის განმავლობაში განაგრძობს.